უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 მოქალაქე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ერთი ადამიანი კი მიკოლაივშია დაღუპული.
„ევაკუირებულია 2 412 ადამიანი {ხერსონის ოლქში}. დაიღუპა 4 მოქალაქე. ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად დაშავდა - 11. უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეულია 13 ადამიანი.
მიკოლაივის ოლქში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია - 825. დაღუპულია ერთი ადამიანი“, - განაცხადა კლიმენკომ.
მისი თქმით, ხერსონის ოლქში დაიტბორა 48 დასახლება, მათ შორის 34 (3 625 სახლი) უკრაინის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, - 14 - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
6 ივნისს, გამთენიისას, „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.