აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.
როგორც ტრამპის ადვოკატმა, ჯიმ ტრასტიმ CNN -ს განუცხადა, ტრამპს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს. მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის.
ადონალდ ტრამპი ამ ფაქტს თავის სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ბრალის წაყენებას „ბნელი დღე“ უწოდა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად.
ტრამპი მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და კონკრეტული ჯგუფების მიზანს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა.