ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე 71 სახლი დაიტბორა, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
„წყალი იმატებს და ხერსონის დასახლებული პუნქტები იტბორება. ამ მომენტისთვის ცნობილია 71 სახლის დატბორვის შესახებ...
ვაგრძელებთ მოსახლეობის ევაკუაციას დასახლებული პუნქტებიდან, რომელიც დატბორვის ზონაში მდებარეობს. ევაკუაციის პროცესში ჩართულია 50 ავტობუსი და მოხალისეები, პოლიციის პირადი შემადგენლობა, საგანგებო სიტუაციებისა და სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, - განაცხადა პროკუდინმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ევაკუირებულია 1 328 ადამიანი. მათი ნაწილი გაყვანილია მატარებლებით. ევაკუაცია გრძელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა. არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად მარცხენა სანაპირო დაიტბორა.