მარტვილში, სოფელ ვედიდკარში შვილმა დედა მოკლა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. როგორც ირკვევა, შემთხვევა 8 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 54 წლის კაცმა თავდაპირველად დანაშაული დამალა და თქვა, რომ დედა ბუნებრივი სიკვდილთ გარდაიცვალა, თუმცა, მედიასაშუალების წყაროს თქმით, მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ და პოლიციას ანონიმურად შეატყობინეს შესაძლო მკვლელობაზე.
54 წლის კაცი სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაული აღიარა. ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დაზიანების კვალი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ 86 წლის დედა შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს სამხარეო პოლიცია იძიებს.