ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მაშინ ერევა, როდესაც ინტერვენციით ჭარბი მერყეობის (როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მხარეს) შემცირება შესაძლებელია ისე, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას. ეს კი, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ინტერვენციების გავლენა ასიმეტრიულია: იგი ეფექტიანია, როდესაც კურსის გამყარება ხდება, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანია გაუფასურების დროს. საქართველოში სავალუტო ბაზრის განვითარების არსებული დონიდან გამომდინარე ინტერვენციები ორივე მხარეს ხდება, თუმცა ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავად BMatch პლატფორმას, მისი ოპერაციული მოწყობა სავალუტო აუქციონის ანალოგიურია, კერძოდ: როდესაც ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ყიდულობს, Bmatch-ის პროგრამული ალგორითმის მიხედვით, ავტომატურად კმაყოფილდება ის განაცხადი, სადაც დოლარი ყველაზე იაფია. ანალოგიურად, უცხოური ვალუტის გაყიდვისას პირველად კმაყოფილდება პლატფორმაზე იმ მომენტში არსებული ის განაცხადი, სადაც დოლარი ყველაზე ძვირია. ამგვარი მექანიზმი კონტრაგენტების (გარიგების მონაწილე მხარეების) მიმართ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს სრულად გამორიცხავს და, ამავდროულად, შეძლებისდაგვარად ამცირებს გაცვლითი კურსის მერყეობას ისე, რომ ბაზარზე არსებულ ტრენდს არ ცვლის.