უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო დადასტურება ჰააგაში რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გაფართოვდა სპეციალური ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის ნაწილობრივი შეთანხმება.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. საჭიროა, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. დღეს ის უკვე აღარ არის მხოლოდ ევროპული ფორმატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის და სასჯელის გარდაუვალობისთვის,“ - განაცხადა სიბიჰამ.
სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პოლიტიკური დაწყება 9 მაისს, გასულ წელს, ლვოვში შედგა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ.
„რაც შეეხება ვადებს - მე ამას ერთგვარ იურიდიულ რეკორდად მივიჩნევ: ასეთ მოკლე დროში ტრიბუნალის შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა პასუხისგებაში მიეცნენ სწორედ რუსი დამნაშავეები", - აღნიშნა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, პარასკევს მიღებული იყო მკაფიო დადასტურება, რომ სპეციალური ტრიბუნალის მდებარეობა ჰააგა იქნება.
„ნიდერლანდების მხარემ ეს დაგვიდასტურა. ეს აჩვენებს, რომ ტრიბუნალის შექმნა უკვე აღარ არის აბსტრაქტული იდეა, არამედ კონკრეტული საქმეა და დამნაშავეები აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისგებაში გარდაუვლად მიეცემიან,“ - განაცხადა სობიჰამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.