თორნიკე ფაღავა - ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 50 კმ-ში დგანან თბილისიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთის ფაქტორს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
ის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას გამოეხმაურა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განმარტა ის, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების დამოკიდებულება და მათ შორის, არაწევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, არ ვიყოთ ფრთხილები რუსეთთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, საქართველო განგრძობად ოკუპაციას განიცდის მთელი ამ დროის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები ჩვენს პოლიტიკაში და ამ თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი გახლავთ ის, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდა“, - განაცხადა ფაღავამ.
მისი თქმით, რუსები თბილისიდან 50 კმ-ში დგანან და როდესაც საქართველო ქვეყნის არქიტექტურას ქმნის, აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ფაქტორს.
„ბატონმა მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნისას, აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთის ფაქტორს, ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან თბილისიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ფაქტორს, ისევე როგორც გაითვალისწინებენ ფრანგები", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. საქართველო შეთანხმებას არ შეუერთდა.