NATO ევროპის იარაღის მწარმოებლებზე ზეწოლას ცდილობს, რათა ევროპულმა ქვეყნებმა სამხედრო ინვესტიციები და წარმოება გაზარდონ. ამის შესახებ Financial Times წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირაში ევროპულ თავდაცვით კომპანიებს ინვესტიციების გაზრდისა და წარმოების გაფართოებისკენ მოუწოდებს, რადგან ალიანსი კონტინენტის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და აშშ-ის პრეზიდენტის დამშვიდებას ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუტე ბრიუსელში შეხვდება ევროპის წამყვანი თავდაცვითი კონცერნების ხელმძღვანელებს, რათა მათ სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდოს და ივლისში ანკარაში დაგეგმილი NATO-ს ყოველწლიური სამიტისთვის მნიშვნელოვანი განცხადებების საფუძველი მოამზადოს.
შეხვედრამდე კომპანიებს სთხოვეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია ძირითადი ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდის შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება კი საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორი მოქმედების რაკეტებზე გამახვილდა.
ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, რუტე რეგულარულად ხვდება ევროპის წამყვანი თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებს, თუმცა ამ რაოდენობის კომპანიების წარმომადგენლების ერთ შეხვედრაზე შეკრება უჩვეულო შემთხვევაა.
მათი თქმით, NATO-ს მოლოდინების შესახებ რუტეს გზავნილი ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის თურქეთში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრაზე თავდაცვითი ინდუსტრიის ზრდის დემონსტრირება.
შეხვედრაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ევროპის უმსხვილესი სამხედრო მწარმოებლების წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის: Rheinmetall, Safran, Airbus, Saab, MBDA და Leonardo.
NATO-ს სურს, რომ ევროპის სამხედრო მწარმოებლები დაეხმარონ დონალდ ტრამპის მოთხოვნის დაკ,აყოფილებაში, რომელიც თავდაცვითი ხარჯების ზრდას ითვალისწინებს.