არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ დამოკიდებულება, ურთიერთობა იყოს ღია.
"არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება ერთადერთს მოითხოვს – დამოკიდებულება და ურთიერთობა იყოს ღია, პირდაპირი კომუნიკაცია და ყველაზე საკითხზე იყოს გახსნილი თანამშრომლობა...
განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები და მათი რიტორიკა ხელს უწყობენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, რეალობას არ შეესაბამება. ასეთი განცხადებები და ისეთი რეზოლუციები პირიქით მოქმედებს ამ გზაზე და ურთიერთობაზე. ამდენი ხანია, პარლამენტი მუშაობს 12 პუნქტის შესრულებაზე, რადიკალური ოპოზიცია უარს აცხადებს მუშაობაზე და ხომ შეიძლება, ერთი მკაფიო მესიჯი იყოს და არ იყოს ორჭოფული მესიჯები, რომ ქვეყანა მუდამ ამ გზაზე გადიოდეს. დეპოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ და სულ ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს. ერთი მკაფიო განცხადებაა საჭირო – დავანებოთ თავი რევოლუციური სცენარების განვითარებას, დასხედით და ილაპარაკეთ. ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და ამერიკა არიან მოკავშირეები, წერტილი. ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხები ხშირ შემთხვევაში, არის არასწორად ინტერპრეტირებული და დაბრუნებული საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.