აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი მხარდაჭერების ნაწილის მხრიდან საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ თავდასხმებს ეხმაურება.
"სანამ კითხვებზე პასუხზე გადავალ, მინდა ვთქვა: როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში.
ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, იმუშაოს საქართველოს ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ მუშაობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
ჩვენ 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას", - თქვა პრაისმა.