შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP), რომელსაც აქვს უმრავლესობა რეგიონულ პარლამენტში, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ახალი საჯარო კამპანია წამოიწყო.
14 ივნისს, ედინბურგში გამართულ ბრიფინგზე, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა და SNP-ის ლიდერმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში წარადგენს პოლიტიკის დოკუმენტებს, სადაც შოტლანდიის დამოუკიდებლობის მიზანშეწონილობაზე იქნება საუბარი.
სტერჯენის თქმით, არსებობს ყველა მიზეზი ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად, რისთვისაც ლონდონი ვალდებულია გასცეს ნებართვა, თუკი "სურს დემოკრატიისადმი პატივისცემის შენარჩუნება".
"მთელ შოტლანდიაში ადამიანები ყოველდღიუად იტანჯებიან ცხოვრების მზარდი ხარჯების, ეკონომიკური განვითარების შეფერხების, მზარდი უთანასწორობის, სახელმწიფო დაფინანსების ნაკლებობისა და ბრექსიტის სხვა შედეგებისგან, რომლისთვისაც მათ ხმა არ მიუციათ", - თქვა სტერჯენმა.
ნიკოლა სტერჯენი აცხადებს, რომ მზადაა დისკუსიების გასამართად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის გამართვა 2023 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, "ახლა ახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრის დრო არ არის".
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შოტლანდიის ხალხს სურს და მოელის, რომ მათი მთავრობები ერთად იმუშავებენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცხოვრების ღირებულება, ომი ევროპაში და ასევე საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის", - თქვა ბორის ჯონსონის სპიკერმა.
ნიკოლა სტერჯენი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვას ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ითხოვს, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ, რადგან შოტლანდიელთა უმრავლესობამ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა.
2020 წლის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად უარყო შოტლანდიის პირველი მინისტრის მოთხოვნა დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.
კანონმდებლობით დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებისთვის ლონდონის თანხმობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შედეგები იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება.
2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი გაიმართა, სადაც მოქალაქეების უმეტესობამ, 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვა.