"ლონდონის პოზიცია შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებაზე არ შეცვლილა", - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა თვლის, რომ 2014 წლის რეფერენდუმის შედეგებით, შოტლანდიელებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი სურვილი, დარჩენილიყვნენ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში.
ერთი დღით ადრე, ბრიტანეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც ჯონსონის ლიდერობით კონსერვატორებმა თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მიიღეს.
ოპოზიციურმა შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP), წინა არჩევნებთან შედარებით, გაიუმჯობესა შედეგები და პარლამენტში მანდატების გაზრდილი რაოდენობა მიიღო.
SNP-ის ლიდერმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა არჩევნებში წარმატებაზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ მისი პარტია მეორე რეფერენდუმის საკითხს დააყენებს და მთავრობას ამის იგნორირების შესაძლებლობა არ ექნება.
როგორც იტყობინებიან, 13 დეკემბერს ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა სტარჯონსა და ჯონსონს შორის.
"პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება მეორე რეფერენდუმის ჩატარებას და მხარს უჭერს შოტლანდიელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომელთაც გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვეს.
2014 წლის რეფერენდუმის შედეგები საბოლოოა და მას პატივი უნდა ვცეთ", - უთხრა ჟურნალისტებს ბორის ჯონსონის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ოქტომბერში სტარჯონმა განაცხადა, რომ შოტლანდიის მთავრობა ლონდონს მოსთხოვდა ნებართვას, ჩატარებულიყო დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი 2019 წლის ბოლოსთვის.
კანონმდებლობით დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებისთვის ლონდონის თანხმობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შედეგები იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება.
2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი გაიმართა, სადაც მოქალაქეების უმეტესობამ, 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვა.