გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 170-ზე მეტი დრონი გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან ქვეყნის დაცვის გასაძლიერებლად.
„რუსული დარტყმების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება ხარკოვსა და რეგიონში, ასევე ოდესისა და დნიპროს რეგიონებში. პირველი რეაგირების ჯგუფები ასევე მოქმედებენ სუმისა და ჩერნიჰივის რეგიონებში. საერთო ჯამში, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 170-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთაგან სულ მცირე ნახევარი „შაჰიდი“ იყო. მთელი ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1000 მოიერიშე დრონი, დაახლოებით 980 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 36 რაკეტა გაუშვეს.
ყოველ ღამეს მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვაა საჭირო - საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო ავიაცია, მობილური სახანძრო ჯგუფები, გამანადგურებელი დრონები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან თითოეულ კომპონენტზე უკრაინის დაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი დიპლომატია. დიდება უკრაინას!“ - წერს ზელენსკი.