ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, ევროპელმა მოკავშირეებმა კიევის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალის მიუხედავად. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, სულ მცირე წელს“, - განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე, რათა მან შეცვალოს თავისი სტრატეგიული აზროვნება.
„პუტინს არსებითად სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა ომის დაწყებიდან“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე სამი მთავარი საკითხია: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მისი ეკონომიკის აღდგენა და „ტერიტორიული პრეტენზიების გარკვეული გაგების“ მიღწევა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწრაფად უნდა უპასუხოს კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სტუბის თქმით, კორუფციული სკანდალი რუსეთს ხელს აძლევს და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, განიხილონ კიევის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა.