რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთს გარკვეულ ეტაპზე არჩევანის გაკეთება მოუწევს - ევროკავშირთან დაახლოება სურს თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში ინტეგრაციის გაგრძელება.
პესკოვის თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოახლოებული შეხვედრის მთავარი თემა იქნება.
„დღის წესრიგში იქნება საკითხი, თუ რა არჩევანს გააკეთებს სომხური მხარე, გააკეთებს თუ არა მას, როდის და როგორ. ეკონომიკური თვალსაზრისით, გარკვეულ ეტაპზე ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის სურვილი ან უნდა დადასტურდეს, ან არჩევანის გაკეთებით უარყოფილი იყოს.
ევროკავშირისკენ ორიენტაცია და ამავდროულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების სურვილი ერთმანეთს არ შეესაბამება. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ცხადია, სომხურმა მხარემ არჩევანი უნდა გააკეთოს“, - განაცხადა პესკოვმა.