უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების ჰუმანიტარული ძალისხმევა განიხილა.
„დღეს პრემიერ-მინისტრს ფრონტზე არსებული მდგომარეობის, პერსპექტივებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია, რომლებიც ამჟამად არსებობს დიპლომატიის გასაძლიერებლად და ამ ომის დასრულების ხელშესაწყობად. მთავარია, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რომელმაც ეს ომი დაიწყო და ყველაფერს აკეთებს მის გასახანგრძლივებლად. მხოლოდ წელს უკვე არსებობდა ცეცხლის შეწყვეტის ათობით შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ კვირას ათენში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უარყო ყველა სამშვიდობო წინადადება და შესაბამისად, იმსახურებს დამატებით სანქციებსა და ზეწოლას. მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთს ევროკავშირის დონეზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ საბერძნეთის მხარდაჭერას ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევის, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მცდელობების მიმართ. ეს არის ათასობით ბავშვი, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი სამხედრო ტყვეები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა საბერძნეთის მადლიერია მათი დაბრუნების დახმარებისთვის და მზადაა უზრუნველყოს აუცილებელი სიის მიწოდება.
მან ასევე განაცხადა, რომ დღეს უკრაინულმა მხარემ ბერძნულ მხარეს თანამედროვე თავდაცვის წარმოების საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინა.
„უკრაინამ, ამ ომისგან თავის დასაცავად, ბევრი რეალურად ეფექტური იარაღი შეიმუშავა. ჩვენ ვიწვევთ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის, ერთობლივი წარმოებისთვის, უფრო ძლიერი ევროპული არსენალის შესაქმნელად ერთად მუშაობისთვის. ჩვენ შედეგების მიღწევის იმედი გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მან უკრაინის სახელმწიფოს მეთაურთან განიხილა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის გზები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში დახმარებას ეხება.
ბერძნულ კომპანიებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რათა გადამწყვეტი წვლილი შეიტანონ ამ კრიტიკულ პროცესში, რათა ჭრილობები შეხორცდეს“, - განაცხადა მიცოტაკისმა.