მედიის თავისუფლების დარღვევა და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში - ამ საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.
ტრიბუნიდან ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ილაპარაკეს.
ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით გამოვიდა.
"საქართველოში ციხეში სხედან ყველაზე გამოჩენილი ადამიანები, ისეთები, როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტი. ისინი მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად არიან განწყობილი არსებული მთავრობის მიმართ, გრძნობენ ისტორიულ საფრთხეს ქვეყნის მიმართ და ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომ არ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დასჯა და მიტოვება, რომ არ დარჩნენ ისინი პოტენციური რკინის ფარდის უკან.
შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. მე თვითონ ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ იმას, რასაც გრძნობს ყველა ქართველი. მივანიჭოთ სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას", - თქვა ფოტიგამ.
"ფორმულას" სინქრონული თარგმანი.