უკრაინელი სამხედროები იბრძვიან სევეროდონეცკის უკრაინის კონტროლქვეშ დასაბრუნებლად და დარწმუნებულები არიან, რომ ამას შეძლებენ.
ამის შესახებ სევეროდონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტრიუკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"ორკებს გარკვეული წარმატება ჰქონდათ, მათ შეძლეს ქალაქში შესვლა და მნიშვნელოვნად დიდი ნაწილის დაკავება, თითქმის შუაზე გაყვეს ქალაქი, თუ ვისაუბრებთ საცხოვრებელ უბნებზე, სადაც ისინი თავს დამაჯერებლად გრძნობენ. მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს გადაჯგუფება და თავდაცვის ხაზის გავლება. ამჟამად იღებენ ყველა ზომას, რათა ქალაქი სრულად დაბრუნდეს უკრაინის კონტროლის ქვეშ, ქალაქი რჩება უკრაინულ ქალაქად“, - თქვა სტრიუკმა.
მისი თქმით, გრძელდება ქუჩის პოზიციური ბრძოლები, რასაც თან ახლავს უწყვეტი საარტილერიო ცეცხლი. „სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ არსებობს ჩვენი შეიარაღებული ძალების იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი გამოვა“, - დასძინა მან.
მისივე თქმით, სევეროდონეცკის წინააღმდეგ შტურმის დაწყებამდე ქალაქში 13 ათასამდე ადამიანი იყო დარჩენილი.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს ქუჩის მუდმივი ბრძოლები, ის მოსახლეობა, რომელიც იყო, რჩება, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ორკებმა იძულებით გაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - თქვა მან.