უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში რუსეთის ძალები ხაფანგში მოამწყვდიეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
"ჩვენ რუსი სამხედროები სევეროდონეცკში ხაფანგში მოვამწყვდიეთ, თითქოს "ქალაქს ვთმობდით", - წერს არესტოვიჩი ფეისბუკზე.
არესტოვიჩის თქმით, ახლა რუსული სარდლობა შოკშია.
"რაშისტებმა მეთაურებს შეატყობინეს, რომ სევეროდონეცკი "დაიპყრეს", მაგრამ ამ დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხისტი კონტრშეტევის ქვეშ აღმოჩნდნენ. უკრაინის დამცველები ახლა "მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ", მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებს უპირატესობა აქვთ ავიაციასა და არტილერიაში", - წერს არესტოვიჩი.
მისი თქმით, რუსეთი ახლა მთელ თავის ძალებს სევეროდონეცკისკენ მიმართავს.
"ჩვენი ჯარისკაცები წარმოუდგენელ გამბედაობას ავლენენ, მეთაურები კი ტაქტიკური ნიჭის მქონენი არიან. ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ახლა რუსეთის ხელმძღვანელობა სევეროდონეცკში აგზავნის მათ ხელთ არსებულ მთელ ძალას, რათა ქალაქი შეინარჩუნო. ჩვენები ახლა ანადგურებენ მტერს ლომებივით", - დასძინა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, "ჩვენი ბიჭები განაგრძობენ მტრის "გლეჯვას" და ავლენენ ოსტატობას, რისიც მტერს შურს".