ჩვენი მხარდაჭერა იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმას, რა თქმა უნდა, ის არ განიხილება, - ამის შესახებ "იმედის კვირას" ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც იგი ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხს გამოეხმაურა, უკრაინისთვის სამხედრო არალეტალური აღჭურვილობის გადაცემის შესახებ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყნები, რომელთაც სამხედრო ტექნიკით დაეხმარნენ უკრაინას, ნატოსა და ევროკავშირის დაცვის ქვეშაა. საქართველო კი ყველაზე ახლოს დგას საფრთხესთან და აგრესორ ქვეყანასთან პროვოკაციის რისკი დაუშვებელია.
"ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო მოქმედებებთან, რა თქმა უნდა, იქნება აღქმული ისე, როგორც იქნება აღქმული. შესაბამისად, ის, ვინც ამას ითხოვს და ამისკენ მოგვიწოდებს, ზოგიერთი უნებლიეთ, მაგრამ ბევრი - ნებსით, აქეთკენაა მიმართული, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმას, რა თქმა უნდა, ის არ განიხილება და ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, გამორიცხულია", - განაცხადა კობახიძემ.