ჩერნიჰივის ოლქის დასახლება დესნაში რუსეთის არმიის მიერ 17 მაისს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნანგრევებში 87 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ გაწმენდითი სამუშაოები დავამთავრეთ დესნაში. სამწუხაროდ, სტატისტიკა ასეთია: დღეს დესნაში ნანგრევების ქვეშ 87 მსხვერპლია, 87 ცხედარი, მოკლული - ამ ადამიანების გარეშე იქნება უკრაინის მომავალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ეკონომიკურ ფორუმს ვიდეოკავშირით ჩაერთო. მას რამდენიმე შეკითხვით მიმართეს. დესნას შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ შეკითვის პასუხად გააჟღერა, რომელიც უკრაინის მომავალს ეხებოდა.
ქალაქის ტიპის დასახლება დესნაში მუშაობს კიევის დიდი მთავრის იაროსლავ ბრძენის სახელობის 169-ე სასწავლო ცენტრი. ის კიევისა და ჩერნიჰივის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
აღნიშნული დასახლებული პუნქტი ცეცხლის ქვეშ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე მოექცა.