ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს ეკადრება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ერთხელ უკვე ისაუბრა.
"ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას, ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მე მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას"- თქვა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მოთხოვნას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ ამის აუცილებლობას ვინმე დაადასტურებს, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
"მე ამას ვერ შევაფასებ. სანამ ეს არ არის დადასტურებული, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არის ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს"- თქვა ზურაბიშვილმა.