ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს [რუსეთთან] ისევე როგორც უკრაინა. უკრაინის გავლით ევროკავშირში გაზის 80% შედის და არა მარტო შედის, უკან უბრუნდება უკრაინას რეიმპორტის სახით რუსული გაზი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს, რადგან სანქციებს არ უერთდება.
„უკრაინას კვლავ აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან გაზს საკითხში. ეს არის ომში მყოფი ქვეყანა. ასეთ ვითარებაში უფრო გასაგებია თუ რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. სადაც უკრაინა ინარჩუნებს ამ ურთიერთობებს, იქ ლოგიკურია, რომ ჩვენც ჩვენი პოზიციები გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია ნათელია. ბუნებრივია, ამ ურთიერთობების ვერავითარ განსაკუთრებულ გაფართოებაზე ვერ იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვუერთდებით სანქციებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს და ამის შესახებ თბილისის პარტნიორებმა იციან.
დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.