პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც, აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეუძლია, ცილა მიიღოს და არ იღებს, ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა.
„რაღაც ანონსი როცა სრულ სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. ბუნებრივია, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც. პატიმარი ცილოვან საჭმელს თუ განწყობის არარსებობის გამო არ იღებს, არ ვიცი, რა უნდა გააკეთო, მაგრამ შეიძლება, გარკვეული გზები აქაც იყოს. სააკაშვილი ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილია, მოქმედება პასუხისმგებლობით გაგრძელდება, დანარჩენი არის პატიმრის პასუხისმგებლობა. მათ აქციებს წარმატება ვერ ექნება, რადგან ხალხი „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს. „ნაცმოძრაობის“ დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი სერიოზულად შემცირებულია, ეს არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს. გადაცემა-გათავისუფლება არის გამორიცხული. თუ ვინმე ითხოვს ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. ამას კონკრეტულ ლოგიკასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. ასეთ განცხადებებს არ ავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.