სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში ბუნებრივია, რუსეთთან შეიძლება შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადგან საქართველოს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება ნებისმიერი ურთიერთობა შედგეს.
"ომის დროს, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, სხვა ქალაქებს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი, უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. პუტინისგან ყიდულობს გაზს, შემდეგ ეს გაზი გადააქვს ევროპის ქვეყნებში და ასე შემდეგ. უკრაინა აკეთებს ამას, დღემდე პუტინისგან ყიდულობს გაზს და არა მარტო, ამ გაზის გატარებას უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში. არც არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია ან ასე შემდეგ. ჩვენც, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, იყოს მისაღები, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ჩარჩოები იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც დამყარებულია, ეს არის სავაჭრო ურთიერთობები. ამ ლეგიტიმურ ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია არის ლეგიტიმური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.