თუ გვინდა "ოცნების" განიარაღება, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაიშალოს. "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის, ყველაზე მეტად აწყობს "ქართულ ოცნებას" და თვალისჩინივით უფრთხილდება, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხის და ცვლილების შეტანა, ოღონდ ამისთვის აქციების გზა საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ უნდა გამოაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ.
"თვალი დახუჭეთ, წარმოიდგინეთ, რომ "ნაცმოძრაობა" არ არსებობს და "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვერ იყენებს მის მთავარ იარაღს – დაშინებას "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით. "ნაცმოძრაობის“ გაქრობა გამოიწვევს "ქართული ოცნების" თამაშს ანუ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოსს, ხოლო ქაოსი არის დრო, როცა ყველას აქვს შანსი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება. რთულია, ეგეთი საფრთხობელას პოვნა, ამაზე ბევრი ინვესტიციაა. "ნაცმოძრაობა", როგორც საფრთხობელა – ამ პროექტზე ძალიან ბევრი ნამუშევარია. ეს რომ ჩამოიშლება, ერთ დღეში არ ხდება ასეთი მტრის ხატების შედგენა და თუ გვინდა "ოცნების" განიარაღება, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაიშალოს. "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის, ყველაზე მეტად აწყობს "ქართულ ოცნებას" და თვალისჩინივით უფრთხილდება. ერთი "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა და მეორე, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანა – ეს ორი ფაბულა ერთმანეთს ძალიან უხდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.