უკრაინაში ჩასვლა, მათთვის სოლიდარობის გამოხატვა არც "ქართული ოცნებისთვის" წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის, - ამის შესახებ "პირველი არხის" ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლითაც მან უკრაინის რადის თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევას უპასუხა.
„რაც შეეხება გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციებს, ეს კონკრეტული სიტუაციები ჩვენ უნდა განვიხილოთ ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჭრილშიც. საქართველო სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია, რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ყველა ქვეყანას აქვს, მიუხედავად უდიდესი სოლიდარობისა, გარკვეული ეტიკეტი ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირები როგორ მოქმედებენ. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, მათთვის სოლიდარობის გამოხატვას, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის. ეს პრობლემაც ჩვენ წინაშე არ დგას. მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი წერილობითი პოზიცია დააფიქსირა“, – განაცხდა ქადაგიშვილმა.