"ძალიან სამწუხარო რამ მოხდა პირველ რიგში ჩვენი რეგიონისთვის, ასევე ცივილიზებული მსოფლიოსთვის", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი. მისი განმარტებით, გუშინდელი ქმედებების შემდეგ სიტუაცია არის არსებითად დამძიმებული და შეცვლილი.
"ის სიტუაცია რაც გუშინ იყო, ვეღარ იქნება რეგიონში და ევროპაში. ჩვენ გვამართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს მთლიან რეგიონში როგორც მინიმუმ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, უსაფრთხოების რისკები არის არსებითად გაზრდილი. უნდა ვიმოქმედოთ ძალიან პრაგმატულად, ფრთხილად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით. დღეს ჩვენი ყოველი ქმედება, რიტორიკა და კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებულია ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, პოზიცია არის მკაფიო და გმობს მეგობარ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ეს პოზიცია გამოხატა როგორც პრემიერმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ და პოზიციას გამოხატავს ყველა, ვისაც მედიასთან შეხება ექნება. ამ წუთებშიც მიმდინარეობს კონსულტაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, თუ რა და როგორ უნდა წარიმართოს ამ დღეების განმავლობაში. პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, შეძლებისდაგვარად გამოყვანა, რომ მათ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ტურისტული თუ სხვა მიზნებით, იყვნენ უზრუნველყოფილი მინიმალური საჭიროებებით, ყველა ამ თემაზე მიდის მსჯელობა - უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადამიანის უფლებების დაცვა,"- განაცხადა დავითულიანმა.