ვფიქრობ, მე საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვარ და არა - მტერი, - ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელის ინიციატივით, ევროპის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა კომპონენტი, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ანგარიშში ეს ცვლილება შეიტანეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, ურთულესი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროკავშირსა და მის სამეზობლოს, მათ შორის, საქართველოს.
„მინდა ვნახო წარმატებული, გამარჯვებული ქართველი საზოგადოება. ევროპარლამენტში თანდათან იზრდება გავლენიან პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბრიუსელმა უფრო უნდა იაქტიუროს, თავადვე გამოიჩინოს ინიციატივა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე უნდა შესთავაზოს ე.წ. „ყველაფერი, წევრობის გარდა“ მოდელი, რაც თავისთავად წევრობასაც არ გამორიცხავს, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება“, - ამბობს ფოტიგა და აღნიშნავს, რომ საქართველოსრ მთავრობასთან კომუნიკაცია დაბალ დონეზე აქვთ.
„დიახ, ვიცი, რომ ისინი, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი ფანები არ არიან. აი, რას ვიტყოდი - რანაირად ვარ საქართველოს მტერი, როდესაც მთელი ჩემი ცხოვრებაა სულ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ვუჭერ მხარს? აღფრთოვანებული ვარ ქართველების ეროვნული სიამაყით, მიმაჩნია, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, მე საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვარ და არა მტერი“, - ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.