"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია.
რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს.
რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, შესაბამისად, 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცახდებით, საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.
"სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა. კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე, კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა. თუმცა, ამავე დროს, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. ეს გამოწვევებია:
• არაფორმალური მმართველობა
• ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში
• გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება
• პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში.
• მაღალი დონის კორუფცია
• შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა
კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ
კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. 2021 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.