უკრაინამ რუსეთთან ომში იშვიათი სტრატეგიული შესაძლებლობის ფანჯარა მოიპოვა, რასაც ხელი შეუწყო უპილოტო სისტემების წარმატებულმა გამოყენებამ, ფრონტის ხაზის სტაბილიზაციამ და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებამ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
გამოცემის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, ფრონტის ხაზი ძირითადად სტაბილურია, ხოლო კიევმა 2023 წლის შემდეგ პირველად უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე დაკარგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერმა უკრაინას ის მისცა, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა - დრო.
Politico-ს შეფასებით, შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა უკრაინის მოკავშირეებს დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე იშვიათი შესაძლებლობა მისცეს, დაარწმუნონ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მეტი ყურადღება დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომს და პარტნიორებს კრიტიკული საჭიროებების - საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების შეიარაღების შევსებისკენ უბიძგოს, ვიდრე რუსეთი ახალ შეტევას დაიწყებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ცდილობს ისარგებლოს შედარებით ოპტიმისტური ვითარებით, აქტიურად გააძლიეროს დიპლომატიური კონტაქტები აშშ-სა და ევროპასთან და ამავდროულად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდოს.
როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ზელენსკის მთავარი გამოწვევაა დასავლეთის მხარდაჭერის ისეთი მასშტაბით გაზრდა, რომ რუსეთი აიძულოს მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად და რეალური შედეგის მიღწევის მიზნით მიუდგეს.
გამოცემასთან საუბრისას თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება უკვე აღარ ჰგავს იმას, რაც ორი წლის წინ იყო.
„არსებობს განცდა, რომ სიტუაცია უკვე ისეთი მწვავე აღარ არის, როგორც ადრე. ადგილობრივი შეტაკებები კვლავ ხდება, თუმცა ეს აღარ არის ის, რაც ორი წლის წინ ან თუნდაც ერთი წლის წინ იყო“,- აღნიშნა მან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად უკრაინის მიღწევებისა, რუსეთს კვლავ აქვს ქვეყნისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის სერიოზული ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველთვიურად 60-დან 70-მდე ჩამჭრელ რაკეტას იყენებს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამ სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Raytheon-ი იმავე პერიოდში უშვებს.
გამოცემა იხსენებს, რომ უკრაინა აშშ-ისგან საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ნებართვას ითხოვს. ამასთან, კიევი გერმანიას მოუწოდებს, საკუთარი მარაგებიდან ათეულობით ასეთი რაკეტა გადასცეს უკრაინას იმ პირობით, რომ მოგვიანებით მათ უკრაინული წარმოების რაკეტებით ჩაანაცვლებს.
„ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას მეტი რაკეტა სჭირდება“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.