უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ 14 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დროს „ძლიერი ლიდერობა“ რომ ყოფილიყო.
ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ჩვენ, უკრაინელებს, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ერთი მთავარი სურვილი გვაქვს: საბოლოოდ მოხერხდეს მშვიდობის მიღწევა და ამ წარმატებას ერთად მივაღწიოთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველას გვინდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული საზოგადოება სრულად უჭერს მხარს ჩვენს სწრაფვას ღირსეული მშვიდობისკენ და გვეხმარება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში.
დღეს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებიც სრულიად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით: ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და იმ დროს ძლიერი ლიდერობა რომ ყოფილიყო, ეს ომი საერთოდ არ იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ტრამპს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ გაწეული დახმარებისთვის. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს დიდი შვიდეულის (G7) ფორმატის ღონისძიებების ფარგლებში შეხვდებიან.
ზელენსკიმ და ტრამპმა სატელეფონო საუბარი კვირას, 14 ივნისს გამართეს.