საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ, განცხადებას ეხმიანება.
ზარქუას განცხადებით, შალვა ნათელაშვილის პოზიცია ცხადჰყოფს, რომ ბოიკოტი არ იყო დაფუძნებულ რეალურ პრინციპებსა და ღირებულებებზე.
"როდესაც შალვას ფანჩატურში იკრიბებოდა ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.
თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები," - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.