ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს. ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ ისარგებლონ კუთვნილი საპარლამენტო მანდატით.
ამასთან, ნათელაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში შესვლა პრივილეგიების მისაღებად არ უნდათ, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა.
"პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ პრივილეგიებით და სკამებზე ჯდომით, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ჩვენი ქვეყანა გვეხსნა, გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან. მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევანის შედეგებს ვიმკით. ახლა ერთი კაცის შესვლა, შეიძლება ჩემი ოცნება იყოს?..
ფაქტი ერთია. ხალხი არ გამოდის, პარლამენტს არ ტოვებენ, ახალ არჩევნებზე არავინ არ საუბრობს და არავის ეს არ უნდა და ჩვენ ვკარგავთ ტრიბუნას, სადაც შეიძლება ხალხის სათქმელი შიგ პირში ვუთხრათ იმ გაქსუებულ, მილიარდერ ბიძებს თუ მამიდებს, რომლებიც ეზიდებიან საშოვარს. ვიმეორებ, ეს ჩემი პირადი სურვილი არ არის, შეიძლება ეს ჩემი ტრაგედიაც იყოს... მზად ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას", - თქვა ნათელაშვილმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ლეიბორისტულმა პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა.