თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანაზე იყო მცდარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა თავიდანვე უნდა დაეყენებინა.
„თუ ადამიანი არის პატიმარი, არავის გაუკვირდება, რომ ის ციხეში გადაჰყავდეთ. თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანაზე იყო მცდარი, რადგან მათ ვურჩევდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა უნდა მოეთხოვათ, რაზე საუბარიც ახლა დაიწყეს. ამდენი დრო დაიკარგა. ეს მოთხოვნა თავიდანვე რომ ჰქონოდათ, მგონი, ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.