პარლამენტის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზოგადოება პარლამენტისგან პრობლემების გადაწყვეტას ელის, პოლიტიკოსების ენერგია კი ერთმანეთის დაპირისპირებაში იხარჯება. აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ყოველდღე ჩვენ უამრავი ადამიანი გვიყურებს და გვიტანს, უყურებს პოლიტიკურ ჩხუბს, კინკლაობას და მუდმივ დაუსაბუთებელ თუ დასაბუთებულ ბრალდებებს, იმის მოლოდინში, რომ იქნებ ჩვენ ყველამ ერთად, ის ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ, მივმართოთ იმ პრობლემების და საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც ხალხს და ქვეყანას სჭირდება. რა საკითხებია რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ და რაზე გვთხოვენ შეთანხმებას?! - პირველი, ის რომ ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა გეუბნებათ და აღიარებს. მეორე - ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე, რეალურად სამართლიანი არჩევნები, სადაც არ იქნება არც დაშინება, არც მოსყიდვა და ასე შემდეგ. ასევე ის, რომ შევთანხმდეთ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური დევნა, ის რომ დამკვიდრდეს ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ხვალ იქნება ოპოზიცია და ოპოზიცია და ხელისუფლება არ ეცდება მუდმივად ერთმანეთის განადგურებას. ამას ითხოვს საზოგადოება და ამის საწინააღმდეგო როგორ შეიძლება პარლამენტში ვინმეს რაიმე გვქონდეს.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა. ყოველდღიურად, როცა რეგიონებში გადიხარ, ხვდები რომ უამრავი ადამიანი ლუკმა-პურისთვის იბრძვის და ახალგაზრდები ფიზიკურად შრომობენ, რათა განათლება მიიღონ. და რას ვთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვთავაზობთ მუდმივად აპოკალიფსს, სიძულვილის ენას, რომ გავანადგურებ ოპონენტს, ახლა მოვსპობ ოპონენტს და ყველაფერი კარგად იქნება. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, მეგობრებო! რაც არ უნდა აპოკალიფსი დავხატოთ ჩვენ ქვეყანაში, ცვლილებები მაინც მოგვიწევს და მოგიწოდებთ თქვენ, რომ უნდა მოემზადოთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემისკენ და ამისთვის პირველი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.