პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მისი ვარაუდით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და უჭირს თავისუფლად გადაადგილება.
"მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა და სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს ისე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას. მას გული სწყდება, რადგან სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად. დასანანია, რომ სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე. ძალიან უნდა, დაესწროს. ის დააკვირდება საკუთარ შესაძლებლობებს დღის ბოლომდე. ამ ეტაპზე ვერ წავა, თუმცა როგორ შეიცვლება ეს მდგომარეობა საათების შემდეგ, არ ვიცი", - განაცხადა ხერხეულიძემ.
9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სხდომა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.