"საქართველოს არასოდეს ჰქონია კანონიერი უფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", _ ასე ეხმაურებიან ოსი სეპარატისტები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიღებულ რეზოლუციას.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორია არ შეიძლება განხილულ იყოს როგორც "ოკუპირებული ტერიტორია" და მისი არსებობა კი სხვისი "ტერიტორიული მთლიანობის" დარღვევა.
საქართველოს არასოდეს ჰქონია კანონიერი უფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში 1922 წელს ოსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანეს", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე გამოთქმულია პროტესტი რეზოლუციაში დაფიქსირებული ტერმინების მიმართ.
"რუსული სამხედრო კონტიგენტის სუვერენული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა ორმხრივ რუსულ-სამხრეთოსურ შეთანხმებებს ეფუძნება და შეუძლებელია ყოველივე ეს განხილული იყოს, როგორც ოკუპაცია ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ გამოთქმის გამოყენება სრულიად უსაფუძვლოა", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ ნატოს პარლამენტარებმა - "მხედველობაში არ მიიღეს ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მათ ასევე არ მიიღეს მხედველობაში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ გაკეთებული დასკვნა".
"რა თქმა უნდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლება მიიღებს როგორც მხარდაჭერას და რევანშისტული ქმედებების წაქეზებას. ეს რეზოლუცია არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს", _ ნათქვამია განცხადების დასასრულს.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში", აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგვარი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ასევე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.