პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკაში გაიმართება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის. მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას შეეხება.ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
როდესაც შეკითხვა დაუსვეს, განხილული იქნება თუ არა აშშ-რუსეთის ურთიერთობებში არსებული სხვა საკითხები, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულება და მკვლელობების შეჩერება ახლა ტრამპისთვის პრიორიტეტია.
ლევიტმა ასევე ირიბად დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას არ დაესწრება.
„ომში ჩართული მხოლოდ ერთი მხარე იქნება წარმოდგენილი“, - თქვა მან.
ამასთან, ლევიტის თქმით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დონალდ ტრამპს „საუკეთესო წარმოდგენას შეუქმნის ამ ომის დასრულების გზის შესახებ“.
„ეს შეხვედრა პრეზიდენტისთვის მოსმენის სავარჯიშო იქნება. შეხვედრას მხოლოდ ერთი მხარე დაესწრება, რომელიც ამ ომში მონაწილეობს . ეს პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, წავიდეს და უკეთესად შეიქმნას წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს ომი დავასრულოთ“, – აღნიშნა ლივიტმა.
მისი განცხადებით, დონალდ ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის ორივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
ამასთან, როგორც ლევიტმა აღნიშნა, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შესახვედრად მრავალი ადგილი განიხილებოდა.
„ალასკა ამერიკის შეერთებული შტატების შტატია, ამიტომ პრეზიდენტი ტრამპისთვის დიდი პატივია და ამერიკულ მიწაზე ელოდება პრეზიდენტ პუტინისთვის მასპინძლობას. შესაძლოა, არსებობდეს გეგმები რუსეთში დონალდ ტრამპის სამომავლო ვიზიტის შესახებ, მაგრამ ის ვლადიმირ პუტინს ამჯერად აშშ-ის შტატ ალასკაში შეხვდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.