უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფონზე განაცხადა, რომ მხარეები ფინეთის სატელიტური შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„უკრაინისთვის ფინეთისგან მხარდაჭერის ახალი პაკეტი გვაქვს, ასევე დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც თანამშრომლობის შესაძლებლობებს გვიფართოებს. ხელი მოეწერა შვიდ დოკუმენტს, დღევანდელი შეთანხმებების საერთო მოცულობა 300 მილიონი ევროა. შევთანხმდით, რომ ფინეთის სატელიტურ შესაძლებლობებს უფრო ფართოდ გამოვიყენებთ“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს თანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების მაღალი დონისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, სატელიტური შესაძლებლობების გამოყენების შესახებ შეთანხმება კომპანიებთან - Nokia-სა და ICEYE-სთან გაფორმდა.
ზელენსკიმ ფინეთს უკრაინის ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის მხარდაჭერის მზადყოფნისთვისაც მადლობა გადაუხადა.
„ეს ამჟამად რუსეთის მთავარი სამიზნეებია. მეტი ლოკომოტივი, მეტი ენერგეტიკული აღჭურვილობა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მეტი საშუალება ნამდვილად დაგვეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.