პოლონეთში ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი, ტომაშ სემონიაკი ავრცელებს.
"პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) თანამშრომლებმა ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. მკვლელობა მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.
22 წლის საქართველოს მოქალაქეს რობერტ კ.-ს მკვლელობაში დახმარებასა და თანამონაწილეობაში ედება ბრალი.
სასამართლომ მას სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებას ლუბლინის რეგიონული სამმართველოს მეშვეობით პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო პოლიციასთან ერთად, პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.
გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთოს", - წერს ტომაშ სემონიაკი.
პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობის საქმეზე, 18 ივნისს ვარშავის მახლობლად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 36 წლის ელნურ ა. დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, აგვისტოში, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კიდევ ერთ მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული.
სემიონ სკრეპეცკი ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა, პოლონეთის მთავრობამ კი მალევე მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.
მხატვარი, როგორც წესი, უმწვავესი სარკაზმით ხატავდა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ე.წ. რუსკი მირის პერსონაჟებს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების პუტინის, სტალინის, კადიროვის, მისი ვაჟის — ადამ კადიროვისა და „ახმატის“ მეთაურის, აპტი ალაუდინოვის გროტესკულ ტილოებს.
სკრეპეცკი ასევე ცნობილი იყო გამომწვევი, ეპატაჟური პერფორმანსებით, რომლებსაც ის ევროპის დედაქალაქებში სიცოცხლის ბოლომდე აწყობდა. მხატვარმა თავისი ბოლო წარმოდგენა გამართა რუსეთის დღესთან დაკავშირებით 12 ივნისს, ბერლინში რუსეთის საელჩოსთან, სადაც მან აქციის მსვლელობისას, შარვლის უკანა ნაწილში გაკეთებული ხვრელიდან რუსეთის დროშა გამოიძრო და ნაგვის ურნაში გადააგდო. ამის შემდეგ მხატვარი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდა ნახატით, რომელზეც გამოსახული იყო სტალინი ჩვილ პუტინთან ერთად. პერფორმანსის დროს სემიონ სკრეპეცკის ფეხზე ეცვა რუსული “ლაპტები“ (ქალამნების მსგავსი ფეხსაცმელი), ეხურა "უშანკა" (ყურებიანი ქუდი) და ეკეთა წმინდა გიორგის ლენტი.