კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა, რომელშიც წარმომადგენელთა პალატის თითქმის ორი ათეული წევრი შედის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ილონ მასკს სთხოვოს, უკრაინას Starlink-ის სისტემაზე წვდომა მისცეს, რათა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დანადგარების აღმოჩენა შეძლოს.
ამის შესახებ გამოცემა The Hill იუწყება.
წერილს წარმომადგენელთა პალატის შვიდი რესპუბლიკელი და 16 დემოკრატი აწერს ხელი.
„მოგმართავთ მოწოდებით, სთხოვოთ ილონ მასკს, უკრაინას ნება დართოს, გამოიყენოს Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტსისტემა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დანადგარების აღმოსაჩენად. ერთი სატელეფონო ზარით თქვენ შეძლებდით როგორც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ისე ვლადიმირ პუტინისთვის მოლაპარაკებების დაწყების დამატებითი მოტივაციის შექმნას.
თუ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტების საიმედოდ ჩაჭრა, მას უნდა შეეძლოს „მშვილდოსნის“ ჩამოგდება. ამაში დახმარების გაწევა ბატონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ მართულ Starlink-ის სისტემას შეუძლია“, - წერენ კონგრესმენები.
წერილის ხელმომწერ რესპუბლიკელებს შორის არიან უკრაინის მხარდამჭერები ჯო უილსონი, ბრაიან ფიცპატრიკი და დონ ბეიკონი, ასევე კონგრესმენები კარლოს ხიმენესი, ჯეფ ჰერდი, ენდი ჰარისი და მაქს მილერი.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველას ერთი საერთო მიზანი გვაქვს - დავასრულოთ ომი უკრაინაში და ის დამანგრეველი ადამიანური დანაკარგები, რომლებიც ამ ომს მოჰყვა. სამწუხაროდ, პუტინი ჯერჯერობით სისხლისღვრის შეჩერებას არ აპირებს“, - წერენ კანონმდებლები წერილში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც აშშ-ს რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დანადგარებზე დარტყმების განხორციელებაში უფრო აქტიური დახმარებისკენ მოუწოდებდა.
კონგრესმენების ეს ორპარტიული წერილი იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი გამოთქვამს უკმაყოფილებას უკრაინაში Starlink-ის სისტემისა და მისი სამხედრო ვერსიის, Starshield-ის მუშაობაში შეფერხებების გამო.