აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პარასკევს ალასკაში გამართული შეხვედრა კრემლის გამარჯვება არ არის და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რუსეთისთვის დათმობა.
მისი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება, რომლის დროსაც ტრამპი შეეცდება სიტუაციის საკუთარი შეფასების გაკეთებას, „ამ ადამიანს თვალებში შეხედვით“. ა
რუბიოს თქმით, ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრების დროს სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა რუსეთის ლიდერს.
„პრეზიდენტ ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არ არის. თუ ახალ ამბებს უყურებთ, დაინახავთ, რომ ხალხი ჭკუიდან იშლება: „ოჰ, რა გამარჯვებაა პუტინისთვის; მან შეხვედრა მოიგო!“
ის თავად ამას ასე არ აღიქვამს. შეხვედრა არის ის, რასაც პოზიციების დასაზუსტებლად და გადაწყვეტილების მისაღებად აკეთებ. „მინდა ყველა ფაქტი მქონდეს. მინდა ამ ადამიანს თვალებში შევხედო.“ და სწორედ ეს სურს პრეზიდენტს“, - თქვა რუბიომ.
რუბიომ აღნიშნა, რომ პარასკევს ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა დაკვირვების ხასიათის იქნება და უკვე მისი დაწყებისას „მივხვდებით, არსებობს თუ არა წარმატების რაიმე შანსი“.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს აქვს „გამორჩეული გარიგებების მომწყობის“ და „წარმოუდგენელი მომლაპარაკებლის“ რეპუტაცია, რომლის მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია პირადად საუბრისას.
„მას კარგად ესმის ადამიანური ბუნება და იცის, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციებში.
მე მინახავს, როგორ მოუტანა წარმატება სავაჭრო გარიგებებში, როდესაც ის პირადად ერევა და დებს მათ და ეს ყოველთვის პირისპირ ხდება. ტელეფონით ამის გაკეთება რთულია. ვფიქრობ, პარასკევს შეხვედრაც სწორედ ამაზე იქნება“, - განაცხადა რუბიომ.
ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთული იქნება, რადგან „ეს ომი პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.