ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში “ქართულ ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია და “მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ლევან სანიკიძის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების არანაირი შანსი არ აქვს.
“ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახდეპის ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია “ქართული ოცნების” მიმართ. საუბარია ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს “მეგობარი აქტის” მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება “მეგობარი აქტის” მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანთა უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ძირითადად საუბარია თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე, საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და სახელისუფლებო რეპრესიებზე, მათ შორის, ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.