აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობდა, მონაწილეობდნენ თუ არა სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი და კონგრესმენი ჯო უილსონი ქრთამის სანაცვლოდ სახელმწიფო კონტრაქტების გაცემის სავარაუდო სქემაში. ამის შესახებ საგამოძიებო გამოცემა ProPublica წერს.
გამოძიება ჰავაიში დაფუძნებულ სამხედრო-საზღვაო თავდაცვის კონტრაქტორ კომპანია Navatek-ს დაუკავშირდა. კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ კაოს ინფორმაციით, კომპანია კანონმდებლებს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მათ საარჩევნო კამპანიებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა.
ProPublica-ს ინფორმაციით, კაომ FBI-ს განუცხადა, რომ 2020 წლის მარტში ლინდსი გრემს Navatek-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სთხოვა, კომპანიას სამხრეთ კაროლინაში 10 მილიონი დოლარის სახელმწიფო კონტრაქტის მოპოვებაში დახმარებოდა. კაოს მტკიცებით, გრემმა სანაცვლოდ მისი საარჩევნო კამპანიისთვის 100 000 დოლარის შეწირვა მოითხოვა.
გამოცემის ცნობით, კომპანიამ მსგავსი შეთანხმებების მიღწევა ჯეიმს კლაიბერნთან და ჯო უილსონთანაც სცადა. კაო ამტკიცებდა, რომ კლაიბერნმა კომპანიისგან საარჩევნო კამპანიისთვის 100 000 დოლარის შეწირვა მოითხოვა, უილსონთან კი მსგავსი შეთანხმება კერძო შეხვედრის დროს შედგა.
FBI-მ კონგრესში სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. თუმცა, როგორც ProPublica წერს, გრემი, კლაიბერნი და უილსონი გამოძიების ოფიციალური სამიზნეები არ ყოფილან. გამომძიებლები მათ კაოსთან ურთიერთობას სწავლობდნენ და არ გამორიცხავდნენ, რომ მომავალში მათი სტატუსი შეცვლილიყო.
გამოძიება საბოლოოდ შეჩერდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და მისმა ადმინისტრაციამ FBI-სა და იუსტიციის დეპარტამენტში კორუფციის საქმეებზე მომუშავე გუნდების დაშლა დაიწყო. საქმეზე მომუშავე გამომძიებლები უწყებიდან წავიდნენ ან თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
ბრალდებები უარყვეს გრემის ყოფილმა წარმომადგენელმა, კლაიბერნისა და უილსონის ოფისებმა. გრემის წარმომადგენელმა ბრალდებებს სიცრუე უწოდა, კლაიბერნის ოფისში კი განაცხადეს, რომ შემოწირულობა კონგრესმენის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენდა. უილსონის წარმომადგენლის თქმით, კონგრესმენი საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებულ წესებს ყოველთვის იცავდა.
აღსანიშნია, რომ Navatek-ის ყოფილი ხელმძღვანელი მარტინ კაო 2022 წელს დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიებისთვის უკანონო შემოწირულობებისა და სესხებთან დაკავშირებული თაღლითობის საქმეზე. მას 87 თვით პატიმრობა მიესაჯა.