"მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა ALDE-ის წევრი „ლელო“, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილია. ამ ნაბიჯის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, ასობით ათასი ამომრჩეველი პოლიტიკური გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდეს", - ამის შესახებ ნათქვამია “ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერეს განცხადებაში.
"ქვეყნის ლიბერალური ძალები წინააღმდეგობის გასაწევად ერთიანდებიან. 25 ოქტომბერს საქართველოში ALDE-ის რამდენიმე წევრმა პარტიამ თბილისში, „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ საპროტესტო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. მათი გზავნილი მკაფიო იყო: „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
„ლელო“, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემადგენლობაში მონაწილეობდა, ახლა იმ პარტიებს შორისაა, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს უნდა გაიმართოს. ამ ნაბიჯის განხორციელება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ჩამოაშორებდა პოლიტიკურ პროცესს და კიდევ უფრო შეზღუდავდა დემოკრატიულ კონკურენციას.
ლიბერალები მკაცრად გმობენ აკრძალვის შემოთავაზებულ ინიციატივას და საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, გაამკაცროს მიზნობრივი სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი. ევროპარლამენტიც ეწინააღმდეგება პარტიების აკრძალვის მცდელობას.
ეს ნაბიჯი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო კამპანიის ფონზე გადაიდგა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს „ლიბერალი ფაშისტები“ უწოდა, ხელისუფლებამ კი გაამკაცრა შეზღუდვები საპროტესტო აქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ხელისუფლების მიდგომა ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთის რეპრესიებს შეადარეს.
„ოპოზიციის ალიანსს“ თავისი კამპანია ქუჩებში გადააქვს. კამპანია 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს თარიღი ორი წლისთავს აღნიშნავს მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერდა - გადაწყვეტილებას, რომელმაც მასშტაბური საპროტესტო აქციები და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული შეშფოთება გამოიწვია.
საქართველოს ლიბერალური ძალებისთვის ეს ბრძოლა ხუთი პარტიის ბედზე მეტს ნიშნავს. საქმე ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები საკუთარი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული მომავლისკენ სვლას იმ პირობებში, როდესაც მისი დემოკრატიული თავისუფლებები იზღუდება.
ALDE-ის პარტია მხარს უჭერს „ლელოსა“ და მის ლიბერალ პარტნიორებს. „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ საპროტესტო კამპანიის ქუჩებში გაგრძელებით, საქართველოს ლიბერალური ძალები ცხადყოფენ, რომ არ შეეგუებიან ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ოპოზიციის აკრძალვა უბრალოდ შესაძლებელი იქნება.
თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა", - აღნიშნულია განცხადებაში.