30 ოქტომბერს, დილით, რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საწარმო რეაქტიულ საწვავს აწარმოებს, მათ შორის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჭიროებისთვის. ამის შესახებ უკრაინული მედია OSINT-პროექტ ASTRA -ზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო თავდასხმის საფრთხე გამოაცხადეს, ადგილობრივი აეროპორტი კი დახურეს.
ნოვოკუიბიშევსკის მცხოვრებლები აფეთქებების ხმასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობაზე საუბრობდნენ. რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ ოფიციალური განცხადება დილის დაახლოებით ექვს საათზე გაკეთდა, როდესაც თავდასხმა, გავრცელებული ცნობით, უკვე მიმდინარეობდა.
ASTRA-ს OSINT-ანალიტიკოსმა ადგილობრივების მიერ გამოგზავნილი ფოტოების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ ხანძარი ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.