საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.
საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
„მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი სხდომა შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ მიღწეული შედეგები, განვიხილოთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.