უკრაინა დონბასს არ დატოვებს, რადგან რუსებისთვის დონბასი ახალი სამომავლო შეტევის პლაცდარმია; თუ უკრაინა მას დატოვებს, მესამე ომი დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ დონბასს არ დავტოვებთ. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ყველას ავიწყდება პირველი ნაწილი: ჩვენი ტერიტორიები უკანონოდ არის ოკუპირებული. რუსებისთვის დონბასი ახალი სამომავლო შეტევის პლაცდარმია. თუ დონბასს ჩვენივე ნებით დავტოვებთ ან ჩვენზე ზეწოლას მოახდენენ, მესამე ომი დაიწყება“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ყირიმი „100%-ით“ იყო უკრაინის სამხრეთზე შეტევის პლაცდარმი და „დონბასი იყო 100%-ით პლაცდარმი იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქეები არ დაენდოთ, მათი მოქალაქეები არ გამოეყენებინათ, არანაირი მობილიზაცია არ ჩატარებულიყო, სეპარატისტები კი რუსეთის არმიად ექციათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის შემტევი ძალების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაწილს 2014 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მცხოვრებნი წარმოადგენდნენ.
„ანუ, სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის პლაცდარმი იქმნებოდა.“
„სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, თუ დღეს ჩვენ დავტოვებთ დონბასს, ჩვენს სიმაგრეებს, ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს მიერ კონტროლირებად სიმაღლეებს, ჩვენ აშკარად გავხსნით პლაცდარმს „რუსების“ შეტევის მოსამზადებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, პუტინს გზა გახსნილი ექნება ზაპოროჟიესა და დნიპროს რეგიონებისკენ, ასევე ხარკივისკენ.
„ამიტომ, ჩემი აზრით, ტერიტორიების ნებისმიერი საკითხი არ შეიძლება გამოეყოს უსაფრთხოების გარანტიებს. სხვაგვარად, ახლა მათ სურთ, რომ მათ დაახლოებით 9 ათასი კვადრატული კილომეტრი მისცენ, ეს დონეცკის ოლქის დაახლოებით 30%-ია და ეს მათი ახალი აგრესიის პლაცდარმია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.