გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი, მეუფე აბრაამ გარმელია. ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბოლო დღეების განმავლობაში მეუფე აბრაამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
მეუფე აბრაამი წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ 1988 წლის 3 იანვარს აღკვეცა ბერად. 1988 წლის 29 მაისს თბილისის ანჩისხატის ტაძრის კურთხევის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა მღვდელმონაზვნად.
1991 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 30 ოქტომბრიდან დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.
1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დადგენილ, ხოლო 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.
მეუფე აბრაამი 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.